კახა კალაძე – მთაწმინდის ფერდზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ფილტვებია, ყველაფერი მოწესრიგებულია, აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, რა სილამაზეა
თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე პროექტი – „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში უკვე აღდგა 700 ჰექტრამდე ტერიტორია, განახლდა 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკები, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ანდრია ბასილაიასა და ფონდ „ქართუს“ დირექტორთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად მთაწმინდის ფერდზე იმყოფებოდა, სადაც ჩატარებულ მასშტაბურ სამუშაოებს გაეცნო და ნერგები დარგო.
„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს. წლების წინ აღნიშნულ ფერდზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ფილტვებია, ხე-მცენარეებმა ხმობა დაიწყო და მას მოწესრიგება სჭირდებოდა. ტერიტორია ძალიან დიდია, 700 ჰექტარზეა საუბარი. ფერდზე წლების წინ არსებული სარწყავი სისტემა 1990-იან წლებში მთლიანად განადგურებული, გაუბედურებული იყო, რომლისგან არაფერია დარჩენილი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სარწყავი სისტემა მოწესრიგებულია, გაკეთებულია შესაბამისი ავზები და ტერიტორია წყლით მარაგდება. აუცილებლად ყველამ უნდა ნახოს, რა სილამაზეა და რა გაკეთდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, იმიტომ, რომ ქალაქისთვის მსგავსი პროექტის განხორციელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ დროისთვის დაახლოებით 25 მლნ ლარია დახარჯული სამუშაოების განხორციელებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას მოიჭრა 52 000 გამხმარი ხე, მოეწყო ოთხი ჭაბურღილი, რომელიც 200 ჰექტრამდე ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს. ასევე, რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა – ძელსკამები, გადმოსახედები, მოსასვენებელი პავილიონები, თავშესაფრები და ფრინველებზე დაკვირვების ქოხი, რომელიც მაქსიმალურად არის შერწყმული არსებულ ლანდშაფტსა და რელიეფთან.
პროექტის ფარგლებში ასევე გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი. კერძოდ, ჭორვილის ეროვნული საშენიდან სპეციალურად მოწყობილ დროებით ვოლიერში განთავსდა ინკუბატორში გამოზრდილი კოლხური ხოხობი და კაკაბი. ერთთვიანი ადაპტაციის შემდეგ ვოლიერის სახურავი იღება და ფრინველების, დაახლოებით 80% ტოვებს ვოლიერს, თუმცა ისინი მიმდებარე ტერიტორიას არ ცდებიან. შედეგად, ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ფრინველების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ფონდი განვითარება და გარემოს“ დირექტორი გოჩა კობერიძე და მისი თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
