კახა კალაძე - მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი
კახა კალაძე - მოვუწოდებთ დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი

უმძიმესია ის დანაშაული, რაც კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე შეიწირა ბოროტებამ, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს ამ ტრაგედიას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, დაწყებულია აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი“, – აცხადებს კალაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.