კახა კალაძე - მოვისმინეთ, რომ სააკაშვილი სანამ შემოვიდოდა კონტრაბანდულად, ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე, პატიმარი როცა არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა
კახა კალაძე - მოვისმინეთ, რომ სააკაშვილი სანამ შემოვიდოდა კონტრაბანდულად, ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე, პატიმარი როცა არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა

შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, სააკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მიდგომებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

„შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტებები. მე მივესალმები ასევე იმ გადაწყვეტილებას, რაზეც იუსტიციის მინისტრი საუბრობდა, რომ თუ საჭიროა და საჭიროდ თვლიან ექიმები, შესაბამისი უწყება მისცემს უფლებას, ჩამოიყვანონ ექიმები. თუ საქართველოში, როგორც ამბობენ, ვერ მოხდება განკურნება, ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვინც უშუალოდ ჩართული იქნება ამ პროცესში. შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რაც მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემთხვევაშიც იგივე მიდგომებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილმა წონაში დაიკლო და ცუდად არის, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს ძალიან ცუდია.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის შემოვიდოდა კონტრაბანდულად, მანამდე ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე. შესაბამისად, ძალიან მარტივია, როცა პატიმარი არ იკვებება ისე, როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე, რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. სხვა, თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, ეს არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, რადგან პატიმრის ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყება ზრუნავს.

„პოლიტიკოსები საუბრობენ ყველაზე მეტს. პოლიტიკოსებმა ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა მივხედოთ ჩვენს საქმეს. შესაბამისი უწყებები, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „თქვენც ფიქრობთ, რომ არსებული დიაგნოზების შემდეგ სიმულირებს სააკაშვილი?“ – კალაძე პასუხობს, რომ „ეს არის სიმულირება“. მისი განმარტებით, სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.

„კი, ეს არის სიმულირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი კეთდება, რათა საზოგადოებას მიაწოდონ აზრი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი, მაგრამ ეს ვერ მოხდება. როგორ უნდა მოხდეს? კონკრეტული დანაშაულები აქვს, შესაბამისად, დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.