კახა კალაძე - მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებული
კახა კალაძე - მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებული

მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ვხედავ, რომ ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5 000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს. „ისწავლე და დასაქმდი“ მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ვიცით, ბიზნესსექტორი რა თანამდებობებზე, რა კვალიფიკაციის, რა პროფესიონალიზმის კადრებს ეძებს და ამ მიმართულებით ვახდენთ კონკრეტული იმ ადამიანების გადამზადებას. ყველაზე მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც გადამზადდნენ, მათი ძალიან დიდი ნაწილი დასაქმებულია. შეიძლება, გაზარმაცებაში სახელმწიფოც იყოს დამნაშავე, რადგან ადამიანს უხდი სოციალური დახმარების თანხას და ამავდროულად ის შეშინებულია, რომ ოფიციალურად სადმე მუშაობა არ დაიწყოს, რადგან შეიძლება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოერთვას და ამ თანხას ვერ მიიღებს. ამიტომ, ამ ადამიანებს შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ხელფასი ჰქონდეთ, დასაქმებული იყვნენ და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, მიესალმება ონლაინკაზინოებთან დაკავშირებულ ინიციატივას და აღნიშნა, რომ ​ონლაინკაზინოების ძალიან დიდი ნაწილი უცხოეთში გადის.

„ეს უდიდესი პრობლემაა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული და მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, რომ ჯერ გადასახადები უნდა გაიზარდოს, ამას მივესალმები. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება იმაზე, რომ ონლაინკაზინოები გაუქმდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ სამუშაო ადგილები.