კახა კალაძე - მისასალმებელია ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ზოგადად ეუთო-სთან მიმართებით, საინტერესო არ არის
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტი მისასალმებელია.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ხოლო ოპოზიციის დამოკიდებულება ზოგადად ეუთო-სთან მიმართებით საინტერესო არ არის.
„ის ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული და ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს. საკანონმდებლო ორგანოშიც გაიმართება შეხვედრები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ტიპის ვიზიტები.
ზოგადად ეუთო-სთან მიმართებით ოპოზიციის დამოკიდებულებას რაც შეეხება, ეს არსებითად საინტერესო არ არის. ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს რადიკალური დაჯგუფება, აგენტურა, ქვეყნის მტრები, რომლებიც მოღალატეობრივი ქმედებებით, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარებით და უცხო ქვეყნიდან კარნახით არიან დაკავებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.