კახა კალაძე - მინდა დავავალო გამგებლებს, დროულად დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნათ
კახა კალაძე - მინდა დავავალო გამგებლებს, დროულად დაეხმარონ ოჯახებს, რომლებსაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეექმნათ

რამდენიმე დღის წინ, უხვი ნალექის გამო შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად, ჩვენმა თანამშრომლებმა მთელი ღამე იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ დროულად და სწრაფად მოგვარებულიყო პრობლემური საკითხები. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და გამგებლებს დაავალა, დახმარება აღმოუჩინონ იმ ოჯახებს, რომლებსაც ამ მიმართულებით პრობლემები კვლავ აქვთ.

„რამდენიმე დღის წინ, უხვი ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები. მინდა მადლობა გადავიხადო იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში თითოეული ჩვენი თანამშრომელი იყო გარეთ გამოსული და ყველაფერს აკეთებდა, რომ პრობლემები რაც შეიძლება დროულად და სწრაფად აღმოფხვრილიყო. მინდა დავავალო გამგებლებს, თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არიან ისეთი ოჯახები, რომლებსაც  დარჩენილი აქვთ პრობლემები ამ მიმართულებით, დაეხმაროთ, გვერდში დაუდგეთ და  ყველაფერი გააკეთოთ, რომ დროულად მოწესრიგდეს​“,-განაცხადა კახა კალაძემ.