კახა კალაძე - მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროშია გაწერილი და გადაცდომა არც ერთი დღე არ იქნება
კახა კალაძე - მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროშია გაწერილი და გადაცდომა არც ერთი დღე არ იქნება

მოვახერხეთ და შევასრულეთ დაპირება, რომ 15 სექტემბრისთვის ყველაზე ძირითადი, რთული და მძიმე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნებოდა, რათა ქალაქში მოძრაობა შესაძლებელი ყოფილიყო,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთდროულად არ განხორციელებულა.

„მგონია, ის, რაც კეთდება, ჩვენი ქალაქისთვის ნამდვილად საამაყოა. როდესაც ასეთი მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, დისკომფორტი არსებობს, რაც ნორმალურია. თუმცა, მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე და ყველას მოთმინება ვთხოვე. მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროშია გაწერილი და გადაცდომა არც ერთი დღე არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, შემდეგი ეტაპი კეთილმოწყობით სამუშაოებს გულისხმობს და ეს ყველაფერი 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

მისი თქმით, უზნაძის ქუჩაზე არსებული სიტუაცია მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„იქ მცხოვრებ ადამიანებს გარკვეული დისკომფორტისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო. რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი მოგვარებული იქნება, რადგან იქნება კომპანია, რომელიც სამუშაოებს გააგრძელებს და ძალიან მალე დაასრულებს“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა სატენდერო პირობების გამკაცრება, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ სატენდერო პირობები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.

„აქ საუბარია კომპანიების შესაძლებლობებზე და უკვე ცხადია, პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ვის რა შესაძლებლობა აქვს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მთავარი ამოცანაა, დედაქალაქი ხვალ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იყოს, ქვეითების თავისუფლად გადაადგილება გახდეს შესაძლებელი და ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლები შეიქმნას, რათა ავტობუსით მგზავრობა უფრო კომფორტული და სწრაფი იყოს.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მომავალი წლების განმავლობაში, დედაქალაქში კიდევ უფრო მსხვილი და მასშტაბური პროექტები განხორციელდება.