კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა

წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კანონებით რომ მიესაჯათ სასჯელი, რა კანონებიც თავად ჰქონდათ, მას 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვა გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც გადმოჰყავდა უკანონოდ და უბრალოდ გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რათა შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ვიღაცამ გაიტაცა, რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურმა და ასე შემდეგ. სასაცილოა ეს ყველაფერი ნამდვილად“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ „კაცი ადრე ამბობდა, რომ ქინძი იყო, ახლა გამოდის, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა, კატასტროფაა, როცა ეს ადამიანი ახლა უკვე ციხიდან აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკაში დარჩენაზე“, კალაძემ განაცხადა: „ქინძს ირაკლი არ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს უწოდა, ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა“.

კალაძის თქმითვე, სააკაშვილი დღეს იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს.

„პრეზიდენტი ასეთი ფორმით რომ იპარება ქვეყანაში, ძალიან ცუდია, არ ვიცი, ამ ყველაფერს რა დავარქვა. თუმცა დღეს ის იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე არავის დაკავება და არავის ციხეში გამოკეტვა არ მიხარია. როგორც არ მიხაროდა ოჯახებია გაუბედურება წლების წინ, არ მიხაროდა ბიზნესის რეკეტი, არ მიხაროდა გარდაცვლილი ადამიანების სახურავებზე შემოყრა, არ მიხაროდა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანები და ოჯახების გაუბედურება. ასე რომ, მას მოუწევს სასჯელის მოხდა. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ კანონებით რომ მიესაჯათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რა კანონებიც მათ ჰქონდათ, მას 30-წლიანი პატიმრობა მოუწევდა“, – განაცხადა კალაძემ.