კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო
კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს მისჯილი პატიმრობა. როგორც იცით, მან გაასაჩივრა და საკითხი სტრასბურგში წარადგინა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგმა რა მოიწერა, ესეც კარგად ვიცით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა, საქართველოს წინააღმდეგ პიარკამპანია იყო. ეს იყო მცდელობა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები, პატიმრის უფლებები ირღვეოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ესეც პიარსტრატეგიის ნაწილი იყო. რეალურად არაფერი ხდება. მთავარია ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კლინიკაში იხდის, რადგან წამოწყებული იყო კამპანია მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იყო იმ მიზნით, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლებულიყო. გამოდიოდნენ კონკრეტული ექიმები, პოლიტიკოსები და ამბობდნენ, თითქოს ის ხელისუფლებამ მოწამლა. გამოვიდნენ ახლა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ სიცრუისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.