კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლისა და მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ელექტროსადნებისა და გამნიავებელი სისტემების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 450 კმ.-იანი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან ერთად, ასევე, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მეტრო იყო მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც არაერთი შეფერხება ჰქონდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პრობლემა მოგვეგვარებინა, ვინაიდან უსაფრთხოება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ყველაზე მეტი მგზავრი დღეს გადაადგილდება მეტროთი. სწორედ ამის გამო მეტრო ერთი საათით ადრე წყვეტს მუშაობას, რომ კომპანიამ შეძლოს იმ სამუშაოების წარმოება, რომელსაც ახლა აკეთებს,” – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომავალი წლის ივლისში სამუშაოები სრულად დასრულდება.

„დაგეგმილი გვაქვს სადგურების სრული რეაბილიტაცია და გვინდა, ვიზუალურად მთლიანად განვაახლოთ აქ ჩამომსვლელებისთვის, მგზავრებისთვის, მათთვის, ვინც ყოველდღიურად სარგებლობს მეტროთი, რათა სასიამოვნო იყოს მგზავრობა,” – განაცხადა კალაძემ.

დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისის მეტროპოლიტენი შეცვლილი განრიგით – 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მგზავრებს.