კახა კალაძე - მემანქანეები შანტაჟის ენით არა მხოლოდ მერიას, არამედ 400 ათას მოქალაქეს ესაუბრებიან
კახა კალაძე - მემანქანეები შანტაჟის ენით არა მხოლოდ მერიას, არამედ 400 ათას მოქალაქეს ესაუბრებიან

მემანქანეები არათუ მერიას, არამედ 400 000 მოქალაქეს ესაუბრებიან შანტაჟის ენით. იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად მეტროს მეშვეობით გადაადგილდებიან, -ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, არც მერიას და არც სატრანსპორტო კომპანიას ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვთ.

„რამდენჯერმე გავაკეთეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება, რომ ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი. უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე გვყავს ადამიანები დასაქმებული, რომლებიც იღებენ 400-800 ლარს”,-განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ  როგორც კი ქვეყანას და ქალაქს შესაძლებლობა გაუჩნდება, ხელფასების მომატების ინიციატორი თვითონვე იქნება.

„თუ მეკითხებით, საკმარისია თუ არა მათი  ხელფასი, არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებზე მაქვს საუბარი, არამედ ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებზე, არ არის საკმარისი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და პირველი მე ვიქნები, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებას. ამის შესაძლებლობა ქვეყანას და ქალაქს უნდა გააჩნდეს. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაფიცვასაც თავისი წესები აქვს. ვისმენთ განცხადებებს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში”-განაცხადა დედაქალაქის მერმა, მისივე თქმით,  სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად , თუ მემანქანეები გაფიცვას გააგრძელებენ, მერიას უფლება აქვს, ეს ადამიანები სამსახურებიდან დაითხოვოს.

“მგონი არის ორი მიმართულება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან. ერთი არის სისხლის სამართლის დანაშაული და მეორე ის, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ეს ადამიანები დათხოვნილები იყვნენ სამსახურიდან. არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, რა ხელფასების მატებაზეა საუბარი, როცა  სატრანსპორტო კომპანიამ გასული წელი მინუს 16 მილიონი ლარით დაამთავრა და მგონი წელსაც იგივე ელოდება. ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად, პირველი ინიციატორი მე ვიქნები, ვინც თავის თანამშრომლებს ხელფასს მოუმატებს.”,-განაცხადა მან.

დატოვე კომენტარი