კახა კალაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიზანია მათი სავარაუდო დანაშაულის დაფარვა და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვა
კახა კალაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიზანია მათი სავარაუდო დანაშაულის დაფარვა და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვა

თბილისის მერი კახა კალაძე არასერიოზულს უწოდებს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს „პროგრეს ბანკის“ მეშვეობით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც თანახმაა.

დედაქალაქის მერის თქმით, დღემდე ელოდება იმ აუდიტის შედეგებს, ე.წ. საბუთისა და დოკუმენტაციის წარმოდგენას, რაზეც ხაზარაძე და ჯაფარიძე საუბრობენ. თუმცა, კალაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და ერთადერთი, რაც გაკეთდა, იყო იმ ფასის დადგენა, რომელსაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იხდიდნენ „პროგრეს ბანკის“ აქტივებში.

„არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების განცხადებებს, თუმცა დღემდე ველოდებით ჩვენ იმ აუდიტის ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას, ეგრეთწოდებული საბუთის წარმოდგენას. აუდიტის კვლევა, მათი განცხადებით, თითქოს ჩატარებული იყო, თუმცა ამავე დროს ჩვენ მოვისმინეთ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ასეთი არაფერი ჩატარებულა და ერთადერთი, რაც გაკეთდა, ეს იყო, დაედგინათ ფასის შესაბამისობა იმ აქტივების, რა თანხასაც ისინი იხდიდნენ. თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რა მიზნები ამოძრავებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, კახა კალაძე ამბობს, რომ მათი მიზანია, საკუთარი სავარაუდო დანაშაულის დაფარვა და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვის მცდელობა.

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ თუ აუცილებელი გახდება, ის ამ საქმეზე გამოძიებასთანაც ითანამშრომლებს.