კახა კალაძე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო [ფოტო]
კახა კალაძე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო [ფოტო]

თბილისის მერი კახა კალაძე გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.

„პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილი და განხორციელდა ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამორტიზებული გაზმომარაგების მილები შეიცვალა და საჰაერო სადენები მიწისქვეშ განთავსდა. საგზაო სამუშაოები 32 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის. პროექტი წარიმართა წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის.

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც, ფაზების ცვლილებისას, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე, ქვეითებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიკურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 141 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, 4 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.

სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.