კახა კალაძე - კვლევებზე მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ, თავაწეული დავდივარ
კახა კალაძე - კვლევებზე მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ, თავაწეული დავდივარ

კვლევებზე მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ, თავაწეული დავდივარ, – განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ „აიარაის“ მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კომპანიისადმი უნდობლობის საკითხზე, რომელიც გამოკითხვას აწარმოებს.

„ჩვენ გვახსოვს კვლევები 2012 წლიდან მოყოლებული. თქვენთვისაც რომ მარტივი იყოს, რათა გააკეთოთ სწორი ანალიზი, ჩვენ, მთავრობის წევრები გამოვდივართ და ვამბობთ, რომ არ ვენდობით, „აიარაის“ ან თუნდაც „ენდიაის“ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც გამოკითხვას უკვეთავს ქართულ კომპანიას, ვინც ველზე მუშაობს და ის აქვეყნებს კვლევებს. რომ ამბობთ, ამას რატომ არ ვენდობით, უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, ეს ხალხი გიჟია, რატომ არ ენდობა კვლევებს. ძალიან მარტივია, თქვენ რომ მიიღოთ პასუხი, 2012 წლიდან მოყოლებული, ამოიღეთ ყველა კვლევა, რომელიც აქვთ ამ ადგილობრივ ორგანიზაციებს ჩატარებული, ნახეთ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები რა იყო, რეალობაში რა ხდებოდა და ძალიან მარტივად მიიღებთ პასუხს. შესაბამისად არანაირი საფუძველი არა მაქვს, ვენდო ამ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ ენდობა „აიარაის“ – საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევებს, მისი მოწინავე პოზიციის ფონზე.

„ეს არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის საზოგადოების დამოკიდებულება ჩემდამი, რასაც ვგრძნობ, როდესაც ქუჩაში გადავადგილდები და თავაწეული დავდივარ, ნამდვილად მსიამოვნებს ხალხის დამოკიდებულება, მოსახლეობის დამოკიდებულება და განწყობა, რასაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. თქვენც ჩვენთან ერთად ხართ, როდესაც რომელიმე ლოკაციაზე მისვლა გვიწევს და ესაა სწორედ საზოგადოების რეაქცია ჩვენს საქმიანობაზე, რასაც ქალაქისთვის ვაკეთებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.