კახა კალაძე - კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია, ამ მიდგომას არავის არასდროს „გავუტარებთ“
კახა კალაძე - კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია, ამ მიდგომას არავის არასდროს „გავუტარებთ“

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და  აღნიშნა, რომ კორუფციაში ჩართულობა მიუღებელია და ყველას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს რამე სახის გადაცდომას ეცდება, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვება პასუხი.

დედაქალაქის მერმა თანამშრომლებს მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

„რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავება, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ჩვენ გასულ წელსაც ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე დაგევალათ კორუფციასთან დაკავშირებით. გადაცდომებთან მიმართებით თქვენ ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა იცით. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ყველას, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ. მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება, რომ ვინმეს რაიმე გადაცდომა არ ჰქონდეს.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს ეხება, უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ სამსახურებში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ თანამშრომლებთან, რადგან რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიდგომას არავის არასდროს არ „გავუტარებთ“. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვსთხოვთ პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.