კახა კალაძე - კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან პრინციპულები
კახა კალაძე - კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან პრინციპულები

კორუფციასთან დაკავშირებით ეს იყო პირველი პრევენციული განცხადება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, როდესაც უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა იყო კორუფციასთან დაკავშირებით მოადგილეებისა და გამგებლებისადმი მიმართვის საფუძველი.

„შეგვიძლია, ამოვიღოთ გასული წლების განცხადებები. ყოველი წლის დასაწყისში, მთავრობის პირველივე სხდომაზე ვაკეთებთ ამ ტიპის განცხადებებს და შემდეგ, წლის განმავლობაშიც ვუთმობთ ყურადღებას, რადგან პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონს მიღმა ქმედებები“, – განაცხადა კალაძემ. 

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, არსებობს თუ არა კორუფციის ნიშნები და უცებ რატომ გახდა საჭირო მათი გაფრთხილება.

დედაქალაქის მერის თქმით, კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ამ მიმართულებით გუნდი ძალიან პრინციპული იქნება.

„ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ არავის დავინდობთ; კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია და ვიქნებით ძალიან პრინციპულები. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იყო გაფრთხილება მოადგილეების, საქალაქო სამსახურების და გამგებლების მიმართ, რომ თავიანთ სამსახურებში ყველამ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, რათა ვინმეს რამე გადაცდომა არ მოუვიდეს, თორემ ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება იციან, რომ არავის დავინდობთ და ვიქნებით პრინციპულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი