კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართავს
კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართავს

რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოხალისეეებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოხალისეების უსაფრთხოება.

„ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და გაწევრიანდეს მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი, მიმართეთ მერიის ცხელ ხაზს, სადაც მოვინიშნავთ თქვენს ინფორმაციას და შემდეგ დაგიკავშირდებით. აქ იმყოფება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე. სწორედ წითელი ჯვრის დახმარებით და მათი დიდი გამოცდილების გაზიარებით, მიმდინარეობს მოხალისეთა გადამზადება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს წითელ ჯვარს თანამშრომლობისთვის.

„მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოგვმართა და ჩართულია მოხალისეობაში. მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, განურჩევნლად მათ პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური გემოვნებებისა, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებებში. მიმართეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს, სადაც მოგაწვდიან ინფორმაციას, როგორ უნდა იმოქმედოთ. მოხდება გადამზადება როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების გატარების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ასე ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებულები, ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა კახა კალაძემ.