კახა კალაძე - კომპანიასთან შეთანხმება შედგა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს
კახა კალაძე - კომპანიასთან შეთანხმება შედგა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს

„თბილისის მიკროავტობუსსა“ და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება.

„მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით ამოეწურათ. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, რომლებიც დაიწყებენ ამის მოწესრიგებას. მივედით იქამდე, რომ უნდა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება-განახლება იმ პროცესის პარალელურად, რომელიც თბილისის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით და ავტოპარკის განახლებით. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კომპანიასთან, რათა მოხდეს ახალი ავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები. მინდა, ირაკლი ხმალაძეს და ყველა ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. არ გააჩნია არანაირი რესურსი, რათა მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ყურადღება არ ეთმობოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია. ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვით. ჩვენ და კომპანიამ მივაღწიეთ შეთანხმებას. მემორანდუმი დღეს გაფორმდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის განმარტებით, მერია და კომპანია ერთობლივად იწყებენ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.

„ჩვენი კონცეფცია, რომელიც ერთობლივად უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. მეტიც, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ მახასიათებლებზე, გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე. ამ შესყიდვას განახორციელებს მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.