კახა კალაძე - კომპანია გააკეთებს ისე, რომ მიკროავტობუსების მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ
კახა კალაძე - კომპანია გააკეთებს ისე, რომ მიკროავტობუსების მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან. კომპანია გააკეთებს ისე, რომ მძღოლები აღნიშნულ პერიოდში არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა მოქალაქეები დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან.

„მედია უნდა დაგვეხმაროს, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ავტობუსების დამატების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მთავარია, ხალხი დარჩეს სახლში. საჭიროა მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ქუჩაში გამოსვლისგან და ხალხმრავალ ადგილებში დარჩენისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დღეიდან დროებით შეჩერდა მიკროავტობუსების მომსახურება.