კახა კალაძე - კიდევ ერთი მნიშვნელოვან პროექტს, მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლებას ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო
კახა კალაძე - კიდევ ერთი მნიშვნელოვან პროექტს, მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლებას ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, რისთვისაც მადლობა მინდა, გადავუხადო

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები, დაახლოებით, 700 ჰექტარზე ხორციელდება.

მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მთაწმინდის ფერდის რეაბილიტაცია-განახლების პროექტს ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს. ამისთვის, მას მადლობა მინდა გადავუხადო. პროექტი, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ღირებულებისაა. ფერდზე მძიმე მდგომარეობა იყო – სარწყავი სისტემა არ არსებობდა, ხეები გახმა. ეს ადგილი ქალაქის ფილტვებია. სამუშაოების ჩატარების შედეგად, განხორციელდება ხეების სანიტარიული ჭრა, დაირგვება ხე-მცენარეები. აქ ადამიანები რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მერია რეკრეაციული სივრცეების შექმნის თვალსაზრისით, ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს. ეს დიდ წარმატებას მოგვიტანს. ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროექტი უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგიურად და გეოდეზიურად ურთულესია, 14 მიმართულების კვლევა ჩატარდა. პროექტის აღსრულების პროცესი, პირველ რიგში, დაავადებული და დაზიანებული ხეების მოჭრას გულისხმობდა, შემდეგ კი განაშენიანების პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე 100 000 ძირზე მეტი ხეა დარგული. სპეციალისტების თქმით, ახალი ნარგავების რაოდენობა ნახევარ მლნ ძირს გადააჭარბებს.

„პროექტს წინ უსწრებდა კვლევები. 700 ჰექტარის მოცულობის ტერიტორიაზე, რომელიც გეოლოგიურად, გეოდეზიურად და ყველა სხვა მონაცემით ურთულესია, 14 მიმართულების კვლევა ჩატარდა. შევისწავლეთ, თუ რა მცენარეული საფარია, რა მდგომარეობაშია ნიადაგი. მოგეხსენებათ, ტერიტორია არის მწირნიადაგიანი, პრაქტიკულად, ჰუმუსი არ არსებობს. ამიტომ, ხელოვნური ჩარევა გახდა აუცილებელი. აღნიშნული კვლევების შემდეგ, დავიწყეთ პროექტის აღსრულება – დაზიანებული და დაავადებული ხეების მოჭრა. ნარიყალას ფერდი მოუვლელობისგან იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. უკვე დაირგო 40 სახეობის ხე-მცენარე – ფოთლოვანი, წიწვოვანი თუ ბუჩქოვანი ნარგავები, 200 ათასი ძირის დასარგავად კი ნიადაგია მომზადებული“, – განაცხადა ფონდ „განვითარება და გარემოს“ ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ტყემალაძემ.

განაშენიანების პარალელურად, არეალში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელიც დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ და მიმდებარე ტერიტორიებს დაუკავშირდნენ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, ფონდ „განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

დატოვე კომენტარი