კახა კალაძე - ხშირად ვხედავთ ფაშისტურ განცხადებებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთაც კეთდება, მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა მალე დამთავრდება
კახა კალაძე - ხშირად ვხედავთ ფაშისტურ განცხადებებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთაც კეთდება, მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა მალე დამთავრდება

ხშირად ვხედავთ ფაშისტურ განცხადებებს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთაც კეთდება. მერწმუნეთ, ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა მალე დამთავრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრის, დონ ტუიგის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

„ასეთ ფაშისტურ განცხადებებს ჩვენ ხშირად ვხედავთ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ამ ტიპის განცხადებები ქვეყნის გარეთაც კეთდება, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან მალე დამთავრდება ასეთი ადამიანების პოლიტიკაში საქმიანობა. ეს არის ძალიან საშიში კაცობრიობისთვის. სამართლიანობა როცა იშლება და სრული უსამართლობა ისადგურებს, ეს არის უმძიმესი და ამ ყველაფერს ძალიან მალე გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მსოფლიოში ბევრ რამეს შეცვლის.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით ის უსამართლობა, რაც დღეს სუფევს მსოფლიოში, დამთავრდება და ყველაფერი მიეცემა სამართლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა დონ ტუიგმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა: „ბრიტანეთი მხარს უჭერს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ვგულისხმობთ ივანიშვილს. არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება ჩამოვართვათ, ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ“.