დონ ტუიგი - ბრიტანეთი მხარს უჭერს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ვგულისხმობთ ივანიშვილს, არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება ჩამოვართვათ, ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ
დონ ტუიგი - ბრიტანეთი მხარს უჭერს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, ვგულისხმობთ ივანიშვილს, არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება ჩამოვართვათ, ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ

ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ ლორდთა პალატის წევრმა, ლორდმა დონ ტუიგმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა.

მისივე განმარტებით, იგულისხმება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს“, – აღნიშნა დონ ტუიგმა.

დონ ტუიგი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ“, – ამბობს დონ ტუიგი.

ამავდროულად, ლორდმა დონ ტუიგმა აღნიშნა: „მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია, ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ“.

დონ ტუიგი ამბობს, რომ „ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედია, ბრიტანეთის მთავრობა ამას გააცნობიერებს“.

„დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება“, – განუცხადა დონ ტუიგმა „რადიო თავისუფლებას“.

ამასთან, დონ ტუიგმა განაცხადა: „აქ, PACE-ში დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი“.