კახა კალაძე - ხმების 75 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 37,5 პროცენტი
კახა კალაძე - ხმების 75 პროცენტის დათვლის შემდეგ, ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 37,5 პროცენტი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, უბნიდან მიღებული ცნობების მიხედვით, დათვლილია ხმათა 75 პროცენტი, რის თანახმადაც ლადო კახაძემ 62,5 პროცენტი მიიღო, ხოლო –  შალვა შავგულიძემ 37,5 პროცენტი.

კახა კალაძე ასევე აცხადებს, რომ გამარჯვება დამაჯერებელია და მონაცემები კიდევ გაიზრდება.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს აქტიურობისთვის.

„მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა, ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა, მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75 პროცენტი. აქედან 62,5 პროცენტი არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5 პროცენტი –  ბატონი შალვა შავგულიძის. ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო. ძალიან დიდია სხვაობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებისადმი, ვინც ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას , რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, თბილისს, საქართველოს“,-აღნიშნა კახა კალაძემ.