კახა კალაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ ევროპას, ევროპულ მომავალს რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ, ჩვენ ჩვენი მსოფლმხედველობით ვართ ევროპელები 
კახა კალაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ ევროპას, ევროპულ მომავალს რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ, ჩვენ ჩვენი მსოფლმხედველობით ვართ ევროპელები 

ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცესში გადაიდგა, ეს პროცესი გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეთ ევროპას.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერი, რაც დაწყებული გვაქვს, მივიყვანოთ ბოლომდე. ზოგადად, ევროინტეგრაციის გზა, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეთ ევროპას, ევროპულ მომავალს.  ზოგადად, ჩვენ ჩვენი მსოფლმხედველობით ვართ ევროპელები. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება შესაძლებელი იმ დიდ ოჯახში გაწევრიანება, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, – აღნიშნა კალაძემ.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას. ევროკომისიის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.