კახა კალაძე - კარგად მესმის, რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს გამოცდილი
კახა კალაძე - კარგად მესმის, რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს გამოცდილი

კითხვებს, რომლებიც აქვთ გარდაცვლილთა ოჯახებს და არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ზაზა სარალიძის ოჯახს. ეს ძალიან დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება და აგებს პასუხს კანონის წინაშე. სწორი მიდგომაა, რა გადაწყვეტილებაც დღეს პარლამენტმა მიიღო. შეიქმნა საპარლამენტო კომისია და ვფიქრობ, ესეც წაადგება ამ საქმის გამოძიებას, ამ კონკრეტულ საქმეს, რათა გავიგოთ რეალობა, სიმართლე“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თუ იყო ხარვეზები გამოძიებაში, ეს აუცილებლად უნდა დადგინდეს.

„თუ იყო ხარვეზები სასამართლოში და გადაწყვეტილების მიღებაში, ესეც უნდა იყოს ცხადი და უნდა გაიგოს საზოგადოებამ რეალობა. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო კომისიის მუშაობით, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ყველაფერი იქნება ცხადი. ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამ მომენტისთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, როგორც ოჯახისთვის, ასევე ჩემთვის. მე კარგად მესმის, თუ რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც მოხდა, ვგულისხმობ დაპირისპირებას, რომელიც დასრულდა მკვლელობით. ძალიან მძიმე ფაქტია ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.