კახა კალაძე - კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველას მოეკითხება, ვისი პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება
კახა კალაძე - კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველას მოეკითხება, ვისი პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება

კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველას მოეკითხება ვისი პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ყაყიჩაშვილის უფლებამოსილების შეჩერების საკითხით, ასევე ხომ არ ხდება მაღალი რგოლის მენეჯმენტის მიერ პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა.

არარვითარ შემთხვევაში. ყველა, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების თვალსაზრისით, ყველამ უნდა აგოს პასუხი.

თქვენ გჯერათ იმისი, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლა, ამის გჯერათ თქვენ? გამოძიება დაადგენს რეალურად რა მოხადა, კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველას მოეკითხება ვისი პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება. არ უნდა მოვერიდოთ ამას, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, კეთილი ინებონ და აგონ პასუხი.

მომხდარიდან მყისიერად დაიწყო მოკვლევა პროკურატურამ, თუ არ ვცდები, გამოკვეთილია 10 პიროვნება და დაველოდოთ, ყველაფერი იქნება ნათელი და ცხადი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებამდე აქვს შეჩერებული.