კახა კალაძე - კანონი ყველასთვის უზენაესია, ყველა დამნაშავე დაისჯება
კახა კალაძე - კანონი ყველასთვის უზენაესია, ყველა დამნაშავე დაისჯება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია და სახელისუფლო გუნდი საკუთარ ხედვას აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს ხანში წარადგენს.

კახა კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთ პირი პოლიციის თანამშრომლის ძმაა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დაისჯება ყველა დამნაშავე, მიუხედავად იმისა, ვინ არის იგი.

„მნიშვნელობა არ აქვს, დამნაშავე პოლიციელის ძმაა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. კანონი არის ყველასთვის უზენაესი. ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ასეთი მიდგომები არ გვახასიათებს. ვინც დაარღვევს კანონს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პასუხი აგებინონ“, – განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ძმამ პოლიციიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა.