კახა კალაძე - კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა
კახა კალაძე - კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი ოთხკილომეტრიანი გზის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო დაახლოებით 25 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტი. მოხდა ორი ხიდის სრულად რეაბილიტაცია.

„დღეს იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, კომფორტულად იმგზავრონ. ჩვენ გვინდა, ეს მიდგომები იყოს ქალაქში ყველგან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, სამწუხაროდ რჩება ბევრი ისეთი ადგილი, სადაც არ არსებობს საგზაო ინფრასტრუქტურა, მოსაწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, სანიაღვრე სისტემა. წყლის პრობლემა არსებობს. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო მომდევნო წლების განმავლობაში. თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში არ დარჩეს არც ერთი ქუჩა მოსაწესრიგებელი. მე დარწმუნებული ვარ, იმ შემართებით და იმ სულისკვეთებით, რაც იგრძნობა დღეს ჩვენს სამსახურებში, ამას ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის ივლისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი