კახა კალაძე - ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ
კახა კალაძე - ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ისტორიული არეალები – ეს არის განძი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს გაფრთხილება სჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედნის, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეს ზღვაში წვეთია. იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ მომდევნო წლებში აუცილებლად გავაგრძელებთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა ის ადამიანი, ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება. ყველა მათგანი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული, რადგან ეს არის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ასე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია გუნდის დაპირება იყო და ის წარმატებით ხორციელდება.

„ოთხი წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას გავაკეთეთ პრეზენტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. ცხადია, ეს პროგრამა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანი დავასრულეთ, მალე დასრულდება გუდიაშვილის მოედნის, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია; დაწყებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კადეტთა კორპუსისა და სხვა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.