კახა კალაძე – ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, გარკვეული პრობლემები შეიქმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ყველაფერი მოწესრიგდება და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება

11:32, 08.07.2026

ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

კალაძემ ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების ინფრასტრქტურის თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევა არსებობს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული.

„როგორც მოგეხსენებათ, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შექმნა ამინდმა. არცერთი ადგილი არ დარჩენილა, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ყველგან, სადაც იყო აუცილებლობა, ვიყავით მისული. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული. ამინდმა გარკვეული პრობლემები შექმნა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ყველა პრობლემა – აღმოფხვრილი. რაც შეეხება მიზეზს, რატომ ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა, არის ორი პრობლემა. ერთი, როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ფოთლებით, ასევე ნარჩენებით. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს, და, ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა ან მოძველება. ამიტომაც არის, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისას, იქნება ეს ქუჩები, გამზირები, პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ, ზოგადად, მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების ინფრასტრქტურის თვალსაზრისით, სერიოზული გამოწვევა გვაქვს. ამიტომ, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, პირველი კეთდება მიწისქვემოთ არსებული ქსელის გამოცვლა, მოწესრიგება, განახლება. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი