კახა კალაძე - იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს ქაოტურ განაშენიანებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე წარსულის შედეგები
კახა კალაძე - იმედია, პარლამენტი მხარს დაუჭერს ქაოტურ განაშენიანებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე წარსულის შედეგები

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ექსპლუატაციაში შენობის მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება, მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით გაცემული რეგულაციები.

ამასთან, თბილისის მერმა ბრიფინგზე წარადგინა კანონი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ. კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში ამოიღეს კანონის ის მუხლი, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას კრძალავდა.

„ამ კანონში 2006 წელს იყო 5.5 მუხლი, რომელიც კრძალავდა ობიექტის ფუნქციონირებას ექსპლუატაციაში მიუღებლად. იყო ჩამოწერილი მთელი რიგი ჯარიმები, ანუ კანონით იყო აკრძალული, შეუძლებელი იყო იმ შენობაში ცხოვრება, რომელიც არ იყო მიღებული ექსპლუატაციაში.

იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოდიან და ცრუ ბრალდებებით ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს განახორციელეს ცვლილება და ზუსტად ეს მე-5 მუხლი ამოიღეს კანონიდან. დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობაში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ეს გააკეთა იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის „რუსთავი 2“-ის მფლობელი პარტია და ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის რაღაც კორუფციული სქემა.

ამ წლების განმავლობაში, რაც ეს ცვლილება განხორციელდა, რეალურად ვხედავთ, რომ არის სერიოზული პრობლემა, რადგან გვყავს ათი ათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობა, რომლებიც მიღებული არ არის ექსპლუატაციაში და, სადაც წლებია, ცხოვრობენ ადამიანები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ის შედეგი მოგვცა, რომ დედაქალაქში არის ქაოტური განაშენიანება.

„რეგულაციები ჩვენს პირობებში მნიშვნელოვნად გამკაცრდა. მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გადაგზავნილი იქნება პარლამენტში. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა, რათა მძიმე წარსულის შედეგები თავიდან ავიცილოთ.

გაგაცნობთ, რა რეგულაციები ამოქმედდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ათჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობების გაგრძელებაზე და გახდა 10 000 ლარი. 2.5-ჯერ გაიზარდა ჯარიმა უნებართვო მშენებლობაზე  25 000 ლარი. ოთხჯერ გაიზარდა ჯარიმა პროექტის დარღვევით მშენებლობის წარმოებაზე – 15 000 ლარი. სამშენებლო მოედნებზე უსაფრთხოების წესები დარღვევაზე ჯარიმა გაიზარდა 10-ჯერ და გახდა 30 000 ლარი. ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, მისი რესურსი ორჯერ გაიზარდა და დღეისთვის 300 ადამიანისგან შედგება, რომლებიც სამშენებლო დარღვევებზე რეაგირებენ. ასევე დაგვემატა ხმაურის რეგულირება და მოწესრიგება და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. რაც ეს ცვლილებები განვახორციელეთ ,2018 წლის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ჯარიმა გამოწერეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.