კახა კალაძე გზებზე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ძირითადი სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება
კახა კალაძე გზებზე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ძირითადი სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ძირითადი სამუშაოები, კერძოდ კი, გზის საფარის პირველი ფენის დაგება 15 სექტემბერს დასრულდება.

როგორც კალაძემ განაცხადა, ქალაქში არასდროს განხორციელებულა მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხორციელდება დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია. შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ ასეთი დიდი მასშტაბის პროექტები ქალაქში არასდროს განხორციელებულა. წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი, რომ ოთხი წლის განმავლობაში იმდენი უნდა ვიმუშაოთ, რომ ქალაქს დაეტყოს ჩვენი ხელი. რა თქმა უნდა, გადაადგილების თვალსაზრისით არსებობს დისკომფორტი, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელების დროს, შეუძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუბოდიშო მოსახლეობას და ვთხოვო მოთმინება. 15 სექტემბერს უკვე დამთავრდება ძირითადი სამუშაოები, კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება გზის საფარის პირველი ფენის დაგება. მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მეორე ეტაპი გზების საბოლოო ფენით მოასფალტებას გულისხმობს, რომლის სამუშაოებიც მისივე თქმით, ღამის საათებში განხორციელდება ან შესაძლოა, ხარისხიანად მოასფალტებისთვის ერთი დღით კონკრეტული ქუჩა გადაიკეტოს.

„მესამე ეტაპი იქნება კეთილმოწყობის სამუშაოები. მხედველობაში მაქვს ტროტუარების, ბორდიურებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე, ეწყობა ველობილიკი, რომლითაც კოსტავა-შარტავა-პეკინი ერთმანეთს დაუკავშირდება და ძალიან დიდი ველობილიკი იქნება ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში, საგზაო მონიშვნები გაკეთდება.