კახა კალაძე - გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს
კახა კალაძე - გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს

კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, მოსახლეობა იმაში, რა განსხვავებაა ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

„ჩვენთვის ყველასთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ყველაზე მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან ეს არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და თითოეულ პოლიციელს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მადლობა გიორგი კვირიკაშვილს, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. ადამიანები, რომლებიც მართლაც ღირსეულად იცავდნენ იქ მყოფი ადამიანების უფლებებს და მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის ის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქციები თბილისში, პარლამენტის წინ 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, კონტრაქცია გაიმართა. ვითარება რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა. უსაფრთხოებისა და ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო პოლიცია და შესაბამისი სპეცტექნიკა. აქცია გვიან ღამით, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.