კახა კალაძე - დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სახელისუფლო შტოებს შორის დამბალანსებელი იქნება
კახა კალაძე - დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სახელისუფლო შტოებს შორის დამბალანსებელი იქნება

დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სახელისუფლო შტოებს შორის დამბალანსებელი იქნება და მგონია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გუნდმა მიიღო, მნიშვნელოვანია, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა. საუბარი იყო იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ დაეყენებინა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, იყო სხვა კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი. გულწრფელად გეტყვით, რომ პირველივე ტურში შესაძლებელი იყო გამარჯვების მიღწევა. ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო, არ მინდა გვარების ჩამოთვლა, თუმცა, გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან და მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, რომელიც შეეცდებოდა ვიწრო პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარებას. 

დღეს გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც იქნება დამბალანსებელი სახელისუფლებო შტოებს შორის და მგონია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გუნდმა მიიღო, არის მნიშვნელოვანი. თუ როგორ და რა ფორმით იქნება მხარდაჭერა, ამას მოგახსენებთ. ცენტრალურ ხელისუფლებაში ძირითადად არის „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობაში „ქართული ოცნება“, ასევე ადგილობრივ დონეზე მუნციპალიტეტებში და გვგონია, რომ პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.