კახა კალაძე – გულდასაწყვეტია, სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, როგორც ეს წლების წინ იყო

13:37, 09.07.2026

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

კალაძის თქმით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის რეზოლუცია მიიღება. გულდასაწყვეტია, ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. აღნიშნულ ინსტიტუციას იწვევენ იმისთვის, რომ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დააკვირდნენ არჩევნებს. როდესაც ისეთ რეზოლუციას იღებ, რაც ტყუილებითაა გაჯერებული, რომელ არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი? როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება, რაც ქვეყანას გარე ძალების გავლენებისგან დაიცავს.

„სხვა ქვეყნის ინტერესები აქ არ გატარდება. პირველ რიგში ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა – საქართველოზე ნებისმიერი უცხოელის სულელურ განცხადებას ჭეშმარიტებად იღებდნენ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და არა გარე ძალები, როგორც ეს ადრე ხდებოდა. კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები შემჩნეულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.  როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც წლების წინ ვსაუბროდით, ეს ყველაფერი მიივიწყეს. ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი