კახა კალაძე - გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი იქნება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ის სარდაფები დაათვალიერა, სადაც, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული მოედანი გვექნება, რეაბილიტირებული შენობა-ნაგეობებით, რომლის უმეტესობა ისტორიული ძეგლია. სამუშაოების შესრულების დროს, მიწის ქვემოთ სარდაფებია აღმოჩენილი, რომლებიც რამდენიმე საუკუნეს ითვლიან“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ქალაქისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის იქნეს გამოყენებული.

„არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ გააჩნიათ და თავად ქმნიან ღირსშესანიშნავ ადგილებს ტურისტების დასაინტერესებლად. ჩვენ კი, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გვაქვს და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. გუდიაშვილის მოედანი არა მხოლოდ თბილისში, რეგიონში ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ჩვენი ქალაქი კი რეგიონული ცენტრი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი, დედაქალაქის მერს და მთლიანად მუნიციპალიტეტს სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ისტორიული ნაწილის, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ქალაქის მრავალმხრივი განვითარებისთვის. ეს საქმე გულით, ქალაქის სიყვარულით კეთდება. ამისთვის დედაქალაქის მერს და მთლიანად მერიას მადლობას ვუხდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა განმარტა, აღმოჩენების გამო, რეაბილიტაციის პროექტი შეიცვლება, რადგან  არქეოლოგიური ნაშთები არ დაიფაროს.

„მასალა სამუზეუმო სახით უნდა დარჩეს ან სხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ეს გუდიაშვილის მოედანს სამომავლოდ დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო იქნება“, – აღნიშნა გიორგი ბაიდარაშვილმა.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები 2016-2017 წლებში. დღეისთვის, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარეობს: ისტორიული ძეგლების საძირკვლების და სარდაფების გაწმენდა; მხატვრული და ხის დეტალების დანომვრა, აღრიცხვა და მოხსნა სარესტავრაციოდ; ასევე, სარდაფებისა და საძირკვლების გამაგრების სამუშაოები. ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს და დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.