კახა კალაძე გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან ვიდეოს ავრცელებს და „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობას უხდის

თბილისის ახლადარჩეული მერი დღეს გმირთა მოედანის მიმდებარედ კიდევ ერთხელ მივიდა, სადაც მიწისქვეშა გადასავლელში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო და „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გადასასვლელით ბევრი ქვეითად მოსიარულე ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, არსებული მდგომარეობა გამოსწორებული უნდა იყოს, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, მთავარია ნება“, – განაცხადა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

არჩეული მერის თქმით, დასუფთავებასთან ერთად, ამ დროისთვის მიმდინარეობს გადასასვლელის განათების ქსელის მონტაჟი, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რაც მთავარია, არსებობს საზოგადოების თანადგომა ამ მიმართულებით და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა გადაიჭრას.

„შემდგომი ნაბიჯი იქნება გადასასვლელის მოხატვა, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. გამოხმაურება უკვე არის მათი მხრიდან და ყველას ექნება საშუალება, ჩაერთოს ქალაქის მოწესრიგებაში“, – განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

კახა კალაძე აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს დილითაც იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გადასასვლელების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად, მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები დასრულდა.