კახა კალაძე - გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახლად გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია [ფოტო]
კახა კალაძე - გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახლად გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია [ფოტო]

დაახლოებით ერთი თვის წინ, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში საზეიმოდ გახსნილი პარკი ვანდალური ქმედებების შედეგად დაზიანებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ 3 ჰექტარზე, სხვადასხვა ზონებად დაყოფილი პარკი მოაწყო, თუმცა ის უკვე დაზიანებულია.

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები, რომ იქ მოეწყობოდა სივრცე ახალი ხე-მცენარეებით. სპეციალურად ბავშვებისთვის რამდენიმე ახალი სივრცეა მოწყობილი, როგორც საკალათბურთო მოედანი, ისე სკეიტბორდისთვის და ველოსიპედებისთვის, ასევე სათამაშო გასართობი ატრაქციონები პატარებისთვის, სპეციალური ზონა ცხოველებისთვის, ველობილიკები. სივრცე არის განათებული და გამწვანებული. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა.

„გული მწყდება, რადგან ის, რაც კეთდება, კეთდება ისევ თქვენი ფულით. თქვენი გადასახადებიდან იხარჯება თანხები, რათა ქალაქში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ისეთივე მიდგომა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქალაქთან მიმართებაში, როგორც საკუთარ სახლთან. ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანები, რომლებიც ამას აზიანებენ, საკუთარ სახლშიც იგივენაირად იქცეოდნენ და ავეჯს ამტვრევდნენ. ეს საზოგადოებრივი სივრცეები, პარკები, სკვერები ხომ იმისთვის კეთდება, რომ ადამიანს ესიამოვნოს იქ ჩასვლა, ბავშვის ჩაყვანა, დაისვენოს კომფორტულ გარემოში. თუ ეს დავამტვრიეთ და დავაზიანეთ, რა აზრი აქვს საერთოდ ასეთი პროექტების განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უსაფრთხოების სამსახურს და მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მაქსიმალურად გაამკაცრონ ზომები, დაამატონ კამერები და გამოყონ თანამშრომლები, რომლებიც დროებით პატრულირებას განახორციელებენ.

„ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს. ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი, ყველა ბედნიერი იყო და ყველა ვამაყობდით. თუ დავანგრიეთ და დავამტვრიეთ, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. მაგალითად, ხე-მცენარეები დავრგეთ და მათ ირგვლივ წითელი მულჩი იყო მოყრილი, ის მოიპარეს და წაიღეს. საოცრებები ხდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გვერდით დაგვიდგება. ეს არ ეხება მხოლოდ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის პარკს. გვაქვს სხვადასხვა შემთხვევა და ვფიქრობ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და მოვუაროთ ჩვენს ქალაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.