კახა კალაძე - გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, განმეორებით იმაზე მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში, პოპულისტური განცხადებები პოზიტივს არავის მოუტანს
კახა კალაძე - გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, განმეორებით იმაზე მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში, პოპულისტური განცხადებები პოზიტივს არავის მოუტანს

გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამ თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის პოზიტივს არ მოუტანს.

„არ შემიძლია, კიდევე ერთხელ არ გამოვეხმაურო გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს რეფორმასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მითითებებს არ ვითვალისწინებთ. ამას გავეცი პასუხი, რომ ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუეა. ამის შემდეგ მან განმეორებით მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში. ამ თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს. გიორი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს და მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო დონის კომპანიები არიან, ასეთი რეფორმები გაუტარებიათ, პროექტები განუხორციელებიათ. რა თქმა უნდა, მათ მივყვებით თანმიმდევრულად, ახალს არაფერს ვიგონებთ და ვერც გამოვიგონებთ. მივყვებით იმას, რაც არის გაკეთებული ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დიდ ქალაქებში, სადაც ანალოგიური პრობლემა იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან გამომდინარე და რაღაცების გადმოკოპირება შეუძლებელია. მაქსიმუმი კეთდება იმის გათვალისწინებით, რა რელიეფური მდგომარეობაც ქალაქში გვაქვს.

ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს და პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებას არავის მივცემთ. ყველა მიმართულებით  მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისთვის და არა იმისთვის, რომ პოპულისტური, პოლიტიკური ქულების დაწერაში ვინმეს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ.

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა, რათა ყველაზე სწრაფი, კომფორტული იყოს. ამისთვის შემოგვყავს ახალი თვრამეტმეტრიანი ავტობუსები, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორეში, კეთდება საავტობუსე ზოლები. დამატებით რამე თუ იცით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, გასაკეთებელია, ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა, არც შენიშვნების მიღება. ეს ქალაქი ხომ ყველასია, ვშრომობთ და ვმუშაობთ, რათა ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს, უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. უბრალოდ, სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა, არ აკეთებენ, აზრზე არ არიან, არ იციან – თქვენ თუ იცით, გვითხარით და გავაკეთებთ, ოღონდ ეს არგუმენტებზე, კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა ისე, ვიღაცას რაღაც წარმოუდგენია. ასე არ არის. ყველა გადაწყვეტილებას უკან უდგას შესაბამისი კვლევები, დაკვირვებები. შეუცდომელი არავინ არის, შესაძლოა, ჩვენც მოგვდის შეცდომები, მაგრამ თუ იცით ისეთი რამ, რაღაც ჯადოსნური ჯოხი გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ, გვითხარით. 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 2012 წლამდე თბილისში 180 000 ავტომობილი დადიოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.