კახა კალაძე - გიორგი გახარია არის შინაგან საქმეთა მინისტრი, უმრავლესობის სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო
კახა კალაძე - გიორგი გახარია არის შინაგან საქმეთა მინისტრი, უმრავლესობის სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრია და უმრავლესობის სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა შს მინისტრი უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ოფისში და იყო თუ არა საუბარი მის შესაძლო გადადგომაზე.

„ეს იყო უმრავლესობის სხდომა. გიორგი გახარია გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი და სხდომაზე მისი ყოფნის აუცილებლობა არ იყო.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც კონსტიტუციის ჩარჩოებში, კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და განვითარებას, ჩვენ მზად ვართ, დიალოგისთვის და სასესიო კვირის ბოლოს უკვე დაიწყება განხილვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლიტიკური პარტია, ვისაც მართლაც აქვს სურვილი, რომ ხვალ იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რასაკვირველია უნდა შემოვიდეს დიალოგში, უნდა დაჯდეს მაგიდასთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს საპროტესტო მუხტი, რაც არის ამ არჩევნების რეფორმასთან დაკავშირებით, გადავიტანოთ სასაუბროდ მაგიდასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს გუნდი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

„რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, გუშინაც, გუშინწინაც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველი – რაც მოხდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი გუნდი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. შეიძლება ვიღაცის პასუხისმგებლობა მეტი იყო, ვიღაცის ნაკლები, მაგრამ ამის გარჩევა ახლა არ დავიწყოთ. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, უმკაცრესი განცხადებებიც და შედეგიც. პარლამენტის თავმჯდომარემ  შეწყვიტა ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, დაბრუნდა და გადადგა ღირსეული ნაბიჯი, დატოვა თანამდებობა, არ დაუწყია გარჩევა, ვისი ბრალი იყო და რა მოხდა რეალურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ, საღამოს მოხდა მძიმე ფაქტები.

„საღამოს განვითარებული მოვლენები, რომელიც ვიხილეთ, იყო ძალიან მძიმე ფაქტები და მივიღეთ უმძიმესი სურათი – დაშავებული ახალგაზრდა ადამიანები. ეს იყო უმძიმესი სანახავი. რა თქმა უნდა, ამის ინსპირირება და მოწოდებები, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, მომხდარიყო შტურმი პარლამენტის შენობაზე, გააკეთეს იმ დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ. განცხადებების შედეგად, მათ სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამასაც მოჰყვება რეაგირება. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები, რომელიც იყო უმძიმესი და ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. გენერალურ ინსპექციას, პროკურატურას აქვს დაწყებული მოკვლევა და არცერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება მიმართული ყოფილიყო ძალის გადამეტების თვალსაზრისით, არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.