კახა კალაძე - გენერალურ გეგმაზე სადებატო არაფერი არ არის
კახა კალაძე - გენერალურ გეგმაზე სადებატო არაფერი არ არის

გენერალურ გეგმაზე სადებატო არაფერი არ არის, „ნაციონალური ​მოძრაობა“ წარსულშია ჩარჩენილი, ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, მივიდეს დედაქალაქის მერი საკრებულოში გენერალური გეგმის საკითხზე.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, პირადად გავაკეთე განცხადება და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ – ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს გენერალური გეგმის შეფასებაში. ჩვენ ჩავრთეთ ექსპერტები, დაგვეხმარნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და გამოგვიყვეს უცხოელი ექსპერტები. ჩართული არიან ასევე ქართველი ექსპერტებიც და ვისაც პოლიტიკური ოპონირების სურვილი აქვს,  წარმოადგინოს ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია, თუ არ არის, არაუშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტს” აქვს მოწოდებული.

გენერალური გეგმა ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის სახალხო დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება, მათ მივეცი შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ დოკუმენტის შეფასებაში. აქ სადებატო არაფერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.