კახა კალაძე - გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია
კახა კალაძე - გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია

გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია, – ამის შესახებ კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ზედიზედ მესამედ წარდგეს თბილისის მერობის კანდიდატად.

„ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მინდა, ცოტა გადახვევა გავაკეთო და გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ მძიმე პოლიტიკურ ფონს, და მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა, თუ სად მოვიაზრებდი საკუთარ თავს პოლიტიკაში და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. სპორტში ვმოღვაწეობდი. არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ვიყო იქ, სადაც ჩემს ხალხს სჭირდება. დღეს, 14 წლის შემდეგ, ცხადია, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია, იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.

მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს – თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში.

2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.