კახა კალაძე - გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, საინტერესოა, არასამთავრობოების მხრიდან იყოს ნათქვამი, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტები ფინანსდება
კახა კალაძე - გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, საინტერესოა, არასამთავრობოების მხრიდან იყოს ნათქვამი, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტები ფინანსდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინფორმირებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.

მედიის შეკითხვაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა პარლამენტში შარშან ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სწორედ აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.

„გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ის, რასაც მოითხოვენ პოლიტიკოსებისგან, კონკრეტული სამინისტროებისგან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა, არასამთავრობოების მხრიდან იყოს გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან, რა პროექტები ფინანსდება და ა.შ.

სხვათა შორის, ინიცირებული კანონი, რომელიც იყო ერთი ერთში FARA-ს მსგავსი, შენიღბეს რუსულ კანონად, რასთანაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიეღო, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან ფინანსდებოდა, რა პროექტები ფინანსდებოდა, ვინ იყვნენ ის ადამიანები და ის ქვეყნები, რომლებიც ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ აფინანსებდნენ და ა.შ. ეს არ მოისურვეს და თუ რატომ, ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რას ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები, რომელიც აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ეს ქვეყნის მტრობაა.

„ეს არის ქვეყნის მტრობა, მეტი არაფერი, როდესაც შენ მიზანმიმართულად ავრცელებ დეზინფორმაციას, სიცრუეს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.