კახა კალაძე - გამჭვირვალობის კანონპროექტი პირდაპირ ექვემდებარება პრინციპებს, რომლებიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის და, რომლებსაც ეფუძნება ევროპული მომავალი
კახა კალაძე - გამჭვირვალობის კანონპროექტი პირდაპირ ექვემდებარება პრინციპებს, რომლებიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის და, რომლებსაც ეფუძნება ევროპული მომავალი

კანონი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირდაპირ ექვემდებარება იმ მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც ღირებულია თითოეული ქართველისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკავშირდება სწორედ გამჭვირვალობას და სხვას არაფერს.

„ის, რომ ჩვენ გავიძახით – გვინდა ევროპული მომავალი, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება, ზუსტად ამ პრინციპებს ეფუძნება ის ევროპულობა და ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ კავშირშია სამართლიანობასთან, გამჭვირვალობასთან, ადამიანის უფლებებთან, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, საკუთრების უფლების დაცვასთან. ამ ღირებულებების ერთ-ერთი კომპონენტი, როგორც ვთქვი, არის გამჭვირვალობა. თუ ხელისუფლების, თანამდებობის პირების მხრიდან ვითხოვთ გამჭვირვალობას, ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის იყოს ნათელი, ცნობილი და ცხადი, თუ რომელი ორგანიზაცია რომელი ქვეყნიდან იქნა დაფინანსებული. ამის გასაჯაროებაზეა საუბარი, მეტი არაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სახელისუფლო გუნდის შეცდომად დაასახელა გასულ წელს გაწვეული კანონპროექტის თაობაზე საზოგადოების არასაკმარისი ინფორმირება.

„რაც შეეხება შარშან გაწვეულ კანონს, ეს იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაც, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ საზოგადოებას ვერ ავუხსენით სწორად და ვერ მივაწოდეთ ინფორმაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხეს, რომ ეს კანონი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რუსეთთან, შეენიღბათ, როგორც რუსული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ტიპის კანონმდებლობა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის, ავსტრალიაში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინიცირებულია ევროკავშირში.

„აქ საუბარია გამჭვირვალობაზე. ეს დონორ ორგანიზაციებსაც დაეხმარება და გეტყვით, რატომ – ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა USAID-ის მიერ. საუბარი იყო მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების დატრენინგებაზე, რეალურად კი რისი ტრენინგი მიმდინარეობდა, ხომ გვახსოვს ყველას? ეს გაურკვევლობები რომ იყოს თავიდან აცილებული, დარწმუნებული ვარ, ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი და დამზღვევი იქნება აღნიშნული კანონი“, – განაცხადა კახა კალაძემ.