კახა კალაძე – გახარია გაურბის გარკვეულ კითხვებს, რომლებიც შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებაში არსებობს

12:46, 02.09.2025

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება, რადგან საზოგადოებასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებში არსებულ კითხვებს გაურბის.

როგორც კალაძემ შესაბამისი შეკითხის საპასუხოდ აღნიშნა, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლებს გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვთ, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ცხადია, გაურბის გარკვეულ კითხვებს, რომლებიც შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებაში არსებობს. ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიზეზი. არჩევნებს რაც შეეხება, მინდა, გულწრფელი ვიყო საზოგადოების წინაშე: ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ისე საკრებულოს დონეზე, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს და ზურგს მიმაგრებს ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები, საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა გაკეთებული, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტია განხორციელებული ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა. ჩვენ რეალურად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ღირსეული პასუხი გაეცეს არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, თბილისის მერი აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსის მიერ შეცდომების აღიარებას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.

„აღიარებაც, რა თქმა უნდა, კარგია. როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას, შემდეგ იაზრებს და აღიარებს, ამას მხოლოდ მივესალმები. ოპოზიიციის უმრავლესობას თუ შევხედავთ, უდიდეს ნაწილს, საერთოდ ვერ გარკვეულან, რა ხდება. დიდი ხანი არ ვარ პოლიტიკაში, 2011 წელს მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში მოსვლის, თუმცა ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შემიძლია, გარკვეული ანალიზიც გავაკეთო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. საერთოდ გაგებაში არ არიან, ისეთ შეცდომებს უშვებენ, წარმოუდგენელია. იმიტომაც არიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან. ზოგადად, ბოროტებას, სიძულვილს, აგრესიას არანაირი მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, პოლიტიკაში, და ისინი ყოველთვის განწირული იქნებიან მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.

მსგავსი