კახა კალაძე - გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
კახა კალაძე - გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა

გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ნინოწმინდაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განვითარების გეგმით, იმ საარჩევნო პროგრამით, რომლიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით უპასუხოს ყველა გამოწვევას.

„დღეს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით, სადაც ძალიან მშრომელი, გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. სწორედ თქვენნაირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სწორედ ნინოწმინდაში მაცხოვრებელი, მრავალფეროვანი ხალხის ერთობა აძლიერებს საქართველოს. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მოვიდა და მაშინვე დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც თითქმის ყველა სფეროში დაგვხვდა. ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეტაპობრივად, ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფო ხალხის სამსახურში ჩაგვეყენებინა და ყველა უწყება შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზას დადგომოდა.

ჩვენმა გუნდმა კოლოსალური თანხები ჩადო სოფლის მეურნეობაში, ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა და რაც მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას.

ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები. გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. არსებობს პრობლემები, რომლებსაც სჭირდება მოგვარება. არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი. მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ამ რეგიონს, წარმატებები ვუსურვო ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.