გააგრძელებს თუ არა „სითი ინსტიტუტი“ თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
გააგრძელებს თუ არა „სითი ინსტიტუტი“ თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი

„სითი ინსტიტუტის” მიერ მომზადებულ გენერალურ გეგმაში ბევრი შეუსაბამობაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიმართულია იმისკენ, რომ სრულყოფილი დოკუმენტი შემუშავდეს, როგორ და ვისთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, ამაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

კახა კალაძემ ისაუბრა იმ შენიშვნებზე, რომელიც მერიას აქვს „სითი ინსტიტუტთან“ მიმართებაში.

„შეუძლებელია, არ მოგწონდეს მწვანე ქალაქი, მაგრამ არ არის წარმოდგენილი, როგორ უნდა განხორციელდეს, ან შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება. პრობლემებია ტრანსპორტის მიმართულებით. გვეუბნებიან, რომ უნდა აშენდეს ხიდები, გადავიდეს რკინიგზა, კი ბატონო, მივესალმებით, მაგრამ ამავე დროს თვითონვე ამბობენ, რომ ქალაქს არ აქვს სატრანსპორტო მასტერპლანი და აუცილებელია ამ დოკუმენტზე კვლევების ჩატარება. თუ კვლევები არ არის ჩატარებული, მაშინ რაზე დაყრდნობით მეუბნები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რკინიგზა უნდა გადავიდეს და იქ უნდა გაკეთდეს ავტომაგისტრალი. დოკუმენტში ბევრი ასეთი შეუსაბამობაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, “სით ინსტიტუტს” გენერალურ გეგმაზე მუშაობისთვის 18 თვე ჰქონდა, შემდეგ კიდევ მოითხოვეს 45 დღე, თუმცა გამოსწორებული არაფერია.

მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე “სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად,  ცინიკური განცხადებები გააკეთეს.

“გუშინ გვინდოდა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდანაც მოგვესმინა შენიშვნებზე პასუხები, თუმცა მივიღეთ ცინიკური დამოკიდებულება, შეურაცხყოფის მიყენება ილია ელოშვილისა და იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე შეურაცხყოფა მიაყენონ მერიის თანამშრომლებს. ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.