კახა კალაძე - ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს, ჩვენი ქვეყანა ტოლერანტულია და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ
კახა კალაძე - ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს, ჩვენი ქვეყანა ტოლერანტულია და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ

ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს, ჩვენი ქვეყანა ტოლერანტულია და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ლისის ტბაზე განაცხადა, სადაც ფესტივალი „თბი-ლისი“ გაიხსნა.

კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე თბილისში სასწავლებლად ჩამოსულმა სტუდენტებმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანეს.

„ზუსტი დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ ინციდენტის შემდეგ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა სწორედ იმიტომ გაიმართა, რომ ინციდენტი დასრულებულიყო და მხარეები შერიგებულიყვნენ. საერთოდ, ქართველებს უცხოელთა მიმართა ცუდი დამოკიდებულება არ გვახასიათებს და ეს შერიგების მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს, ჩვენი ქვეყანა ტოლერანტულია და ამით შეგვიძლია ვიამაყოთ” – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ 14 აპრილს გაიმართა.

ა​მხანაგური შეხვედრა 8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ გაიმართა.

8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.