კახა კალაძე – ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, არის გაკოტრებული და გაუბედურებული
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის განცხადებები თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ სათქმელი არაფერი აქვთ და გაკოტრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირ-ის დასკვნასთან დაკავშირებით.
„პრემიერმა დღეს ვრცლად გააკეთა განმარტება, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას – ზოგადად, თვითმმართველობის არჩევნებზე არ ხდება ხოლმე ეუთო/ოდირ-ის მოწვევა. ის, რასაც ჩვენ ვისმენდით, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები იყო. ოპოზიციას, ზოგადად, სათქმელი არაფერი გააჩნია, არის გაკოტრებული, გაუბედურებული. რა მდგომარეობაშიც არიან, თავად ხედავთ. სხვათა შორის, მინდა, გავიხსენო, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ეუთო/ოდირ-ის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელიც ფეხქვეშ გათელეს. აღნიშნულ დასკვნას გადაუარეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აკაცუკებმა და უსამშობლო აგენტურამ, არამედ ქვეყნის გარეთაც. გახსოვთ, როგორი პროპაგანდა მიმდინარეობდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ეს იყო გამოწვეული იმით, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და შეტევა მიმდინარეობდა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ნებაზე.
„ეუთო/ოდირ-მა დაწერა ყველაფერი ის, რაც ნახა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად მიეღო გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობდა ეუთო/ოდირ-ის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კახა კალძემ.