კახა კალაძე - დიპლომატებს არავინ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს
კახა კალაძე - დიპლომატებს არავინ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ, გამოძიება დაადგენს ყველაფერს

დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.

„არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერს დაადგენს გამოძიება.

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გაირკვეს, რა არის ტყუილი და რა – მართალი. დიპლომატებს არავინ არ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ და კიდევ ერთხელ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – აღნიშნა კალაძემ.

შგახსენებთ, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.